მემარცხენეების პრაიმერიზის მეორე ტურში მანუელ ვალსი და ბენუა ამონი გავიდნენ

მემარცხენეების პრაიმერიზის მეორე ტურში მანუელ ვალსი და ბენუა ამონი გავიდნენ

გუშინ საფრანგეთში მემარცხენეების პრაიმერიზის პირველი ტური ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გავიდნენ განათლების ყოფილი მინისტრი ბენუა ამონი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი.

პრაიმერიზის პირველ ტურში ბენუა ამონმა ამომრჩეველთა ხმების 36.2% მიიღო, მანუელ ვალსმა - 31.2%, ხოლო ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არნო მონტებურმა - 17.6%.

მანუელ ვალსის განცხადებით, მეორე ტურის წინ „არაფერია ჯერ გადაწყვეტილი“. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი კამპანია იწყება და მოხარულია, რომ ბენუა ამონს დაუპირისპირდება.

„ამომრჩევლებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება აშკარა დამარცხებასა და შესაძლო გამარჯვებას შორის“, - განაცხადა მანუელ ვალსმა. 

ბენუა ამონსა და მანუელ ვალსს შორის დებატები 26 იანვარს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, სოციალისტების კანდიდატი, იქნება ეს მანუელ ვალსი თუ ბენუა ამონი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 8-9%-ს მიიღებს.