დაასახელებს თუ არა ”ქართული ოცნება” დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ჯერჯერობით უცნობია

დაასახელებს თუ არა ”ქართული ოცნება” დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ჯერჯერობით უცნობია

ამ ეტაპზე უცნობია, დაასახელებს თუ არა დღეს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, როგორც ეს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 იანვარს დააანონსა. 

მდინარაძემ ორი დღის წინ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ კანდიდატურის წარდგენა ორშაბათს დილით, ბიუროს სხდომამდე იყო დაგეგმილი. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი აღნიშნულ პოსტზე ოთხ კანდიდატურას განიხილავდა, რომელთაგან ორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. ამასთან, მდინარაძემ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი მანანა კობახიძეა.

როგორც დღეს ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობაში განუცხადეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და უცნობია, მოხდება თუ არა მისი დასახელება დღეისთვის. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.