”ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა არა მხოლოდ საკუთარი საკონსტიტუციო ინიციატივები, არამედ პოზიციები სხვის ინიციატივებზე

”ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა არა მხოლოდ საკუთარი საკონსტიტუციო ინიციატივები, არამედ პოზიციები სხვის ინიციატივებზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, წინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” კონკრეტული წინადადებები და პოზიციები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” განაცხადა, ის, რაც წინა კომისიას ყველაზე მეტად აკლდა, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციები იყო. უსუფაშვილის თქმით, ”მათ არ ჰქონდათ არა მხოლოდ საკუთარი ინიციატივები, არამედ პოზიციები სხვის ინიციატივებზე”. 

”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ წინადადებასთან ერთად, რომელიც შეტანილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ჩვენ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინადადებები ვნახოთ. მესმის ბატონი მდინარაძის (მამუკა მდინარაძე), რომელიც ამბობს, რომ ფრაქციის ხელმძღვანელია და არ უნდა დააფიქსიროს წინადადება, მაგრამ მეორე მხრივ, ის საკონსტიტუციო კომისიის წევრია და აქედან გამომდინარე, ჩვენ კომისიის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, გვინდა მოსაზრებების და წინადადებების მოსმენა. ცხადია, ყველას გვაინტერესებს ერთმანეთის პოზიციები და არა ზოგადი თეორიები - რომ ესეც არსებობს და ისიც არსებობს”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.