ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ. 

როგორც კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მას არ მოუსმენია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით. 

”მე ეს კომენტარი არ მომისმენია, ჩვენ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით 21 იანვარს არ გვქონია, მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ თავს, მეორე თავს. ამ თავებით ასე ვთქვათ არ არის დარეგულირებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია”, - განაცხადა კობახიძემ. 

როგორც ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და დედაქალაქში გადმოვა. 

როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.