ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან

პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

”მე, ჩემი პირადი პოზიციის გაჟღერებისგან ბუნებრივია, თავს შევიკავებ. მე მინდა, რომ აბსოლუტურად ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან. ჩვენ პირველ რიგში, ვიდრე გადავალთ არჩევის წესის განხილვაზე, ამ საკითხზე მსჯელობაზე, უნდა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები აღმასრულებელ შტოს, მთავრობას და საქართველოს პრეზიდენტს შორის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არჩევის წესი არის ლეგიტიმური, არის სწორი. არსებობს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საპარლამენტო წყობის, სადაც პრეზიდენტები აირჩევიან ან პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით, ორივე წესი არის ლეგიტიმური. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ის თუ არჩევის რომელი წესი არის უფრო მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.