ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
მან შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადააქციეს კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ.
”ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე. იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენ დაწესებულ დროშას სწევენ დღეს. ჩვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენს ინსტიტუციებში სხედან, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია, ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო. დღეს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის. სალონურ თამაშებს უნდა მოვრჩეთ და ყველა რეგიონში, ყველა კარი უნდა შევაღოთ და ვუთხრათ, რომ ვიცით რა უჭირს, მართლა ვიცით. ვიცით, რომ მობეზრდათ ამ ადამიანებს ვითომ ”ოქსფორდში” და ვითომ ჰარვარდში ნასწავლი, ვითომ ციტატებით შეჯერებული ყალბი, ცალყბა დაპირებები”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს ის, რაც 2003 წელს დაიწყო საქართველოს გარდაქმნა, ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიულ რესპუბლიკად.
”როდესაც მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლებაში დაგვაბრუნოს, უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს შეგნებული გვაქვს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი ინსტრუქცია მისგან მიღებული: პირველი - იმის დამთავრება, რაც 2003 წელს დაიწყო- საქართველოს გარდაქმნა, ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიულ რესპუბლიკად, არაორაზროვანი კონსტიტუციით, ხელისუფლების შტოების მკაცრი ბალანსით და არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია საქართველოს ყველა მოქალაქეზე არ ვრცელდება. უმრავლესობის მიერ ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმცირესობების, ყველას უპირობო დაცვა, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიუროკრატი ვერ ჩაკლავს ბიზნესს იმიტომ, რომ ვიღაცას ეს საქმე გარიგებული აქვს და პერსპექტიულ სამუშაო დაკარგულ დედას 5 შვილის ჩაიზე და პურზე ყოფნა არ მოუწევს, მაშინ როდესაც ბიუროკრატი წყნარად ვერ დაიძინებს, რომ ბავშვს სკოლამდე 7 კილომეტრი ფეხით აქვს სასიარულო, როდესაც ვიღაც თანამდებობის პირი ევროპის ქალაქში ”როლს როისით” იჯირითებს. თუ არ მივეცით თავისუფლება ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინიციატივას, ჩვენ მსოფლიო არენაზე „აუთსაიდერებად“ დავრჩებით. ასევე ჩვენი წარმატების მთავარი გარანტია არის დემოკრატია შიდაპარტიული და სახელმწიფოებრივი. ამიტომ მინდა გთხოვოთ დელეგატებს, კინწისკვრით გააგდეთ მოძრაობიდან ის ადამიანი, ვისაც შეამჩნევთ სურვილს იდაყვებით იმუშაოს თანამდებობის დაკავებისთვის პარტიაში ან შემდეგ ხელისუფლებაში - განგრენა უნდა მოიკვეთოს დასაწყისში და განსაკუთრებით, ვინმეს თუ შეამჩნევთ თავისი საძმაკაცოს კომერციული ინტერესების ლობირებაში. მოძრაობის ყველა წევრს შუბლზე, სახლის კარებსა და პერანგის „მანჟეტზე“ უნდა ეწეროს „მე ჩემთვის პირადად არაფერი მინდა”, - განაცხადა ვაშაძემ.