„ნაციონალური მოძრაობის“ წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ წარადგინეს.
ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ იქნება სამდივნოები, პარტია დაეფუძნება პროექტების დაფინანსების მთავარ პრინციპს.
„არ იქნება თანამდებობები, იქნება პროექტები, რომელიც პარტიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ასევე ამ ცვლილებების მიხედვით გენერალური მდივნის უფლებამოსილებას, ვიდრე ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმრობაშია, შეითავსებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. „ნაციონალური მოძრაობა“ არ ღალატობს თავის პრინციპებს და ლიდერებს. ასევე დღეს ავირჩევთ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარეს, რომელსაც ეყოლება ორი მოადგილე. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ისიც, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს 40 წარმომადგენელი ეყოლება პოლიტსაბჭოში. პოლიტსაბჭო განახორციელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მართვას“, - გრანაცხადა ბეჟაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით კი, გაიზრდება ქალების როლი „ნაციონალურ მოძრაობაში“. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს ვალდებულებას, რომ პარტიული სიის ყოველ ათეულში წარმოდგენილი იქნება მინიმუმ სამი ქალი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამ წესდებას აღნიშნული ცვლილებებით მხარი დაუჭირა.