გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის

გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის

პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებთ, საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული.

როგორც კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია წარადგენს.

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან განვიხილეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კომისიის ფორმატი, კომისიის შემადგენლობა, ჩვენი სამუშაო გეგმა - განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენი ეს განაცხადი რა თქმა უნდა, შესრულებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, ჩაერთოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.