ჯანი ბუკიკიო დავით უსუფაშვილს, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანი ბუკიკიო დავით უსუფაშვილს, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომიციის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა პირველი სამუშაო შეხვედრა კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. 

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავთანდილ დემეტრაშვილი, ჯონი ხეცურიანი, მინდია უგრეხელიძე, ანა ნაცვლიშვილი და ეკა გიგაური. 
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე დავით უსუფაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წინა სახელმწიფო საკონსტიტუტიციო კომისიას ხელმძღვანელობდა. 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კონსტიტუციონალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პოზიციითა და ხედვებით საქართველოს კონსტიტუციაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისს, სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია წუხელ ეწვია. 

დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.