აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და დემოკრატიული პარტიის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ჰილარი კლინტონი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან, - იუწყება CNN.
აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში ასევე დაესწრებიან დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.
„პრეზიდენტი ბუში და ლორა ბუში აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის 58-ე ცერემონიას დაესწრებიან ვაშინგტონში 2017 წლის 20 იანვარს. ისინი მოხარულნი არიან, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მოწმენი გახდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან მხოლოდ ჯიმი კარტერმა განაცხადა საჯაროდ, რომ ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებდა. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება ინაუგურაციას.
ტრადიციისამებრ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ხელისუფლების გადაცემის ცერემონიალს ესწრებიან.