აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები.
„ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებაში“, - თვლის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი.
ამჟამად, ტრამპის თქმით, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.
„დიდი ბრიტანეთი იხდის. სულ ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ. ეს ცოტაა“, - აღნიშნა მან.
„მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.