”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს, ამ ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და პარტიიდან გასული წევრები მიმართავენ ხრიკებს, პარტიის სახელწოდების შეცვლის და თავმჯდომარის გადარჩევით, რათა შეინარჩუნონ თანამდებობები და მიიღონ ის სარგებელი და სიკეთე, რაც ამ ფრაქციას მოაქვს.
”ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტში ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდეს თავისი ფრაქცია. ბოკერიას გუნდმა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით უნდა დატოვოს ეს ფრაქცია და შექმნას ახალი ფრაქცია. ეს ფრაქცია მათ არ უნდა გამოიყენონ, რადგან ეს იქნება უსამართლობა ამომრჩევლის მიმართ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები შესაბამის სამსახურებს პარლამენტში უცხადებენ, რომ არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას.
”12 იანვარს ბოკერიას გუნდმა გააკეთა განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას პარლამენტში. 13 იანვარს ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე, შეიტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ არ ტოვებენ ფრაქციას. ამგვარი პროცედურული ხრიკები არის მათი მხრიდან ორმაგი თამაში, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, შეინარჩუნონ თანამდებობები და ის სარგებელი და სიკეთეები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას მოაქვს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და „ევროპული საქართველო დაარქვეს“. მათ გადაირჩიეს თავმჯდომარე ნიკა მელია და თანამდებობაზე სერგო რატიანი დანიშნეს. ყოფილ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობაში” და ამჟამინდელ „ევროპულ საქართველოში“ უმრავლესობას წარმოადგენენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები.