‘ამბროლაურის აეროპორტი იქნება რაჭის გაცოცხლებისა და მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმულიკიდევ ერთი ნაბიჯი“

‘ამბროლაურის აეროპორტი იქნება რაჭის გაცოცხლებისა და მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმულიკიდევ ერთი ნაბიჯი“

„მსგავსი, შეიძლება მცირე, მაგრამ ეფექტური პროექტებით ჩვენ ვზრდით რეგიონების მოსახლეობის ჩართულობას, რეგიონულ–გეოგრაფიულ ჭრილში ვაკეთებთ ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირებას და დარწმუნებულები ვართ, ამას ექნება სერიოზული შედეგები“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს ამბროლაურის აეროპორტის გახსნის ღონისძიებაზე განუცხადა.

„ამ აეროპორტში ჩაიდო ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ტერმინალის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს და დღეს, 14 იანვარს ტერმინალი გაეშვა. ხვალიდან ამ აეროპორტში დაიწყება ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას. ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს პროექტი არის რეგიონის გაცოცხლებისა და უფრო მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი და ასევე ბიზნესპოტენციალიც – დღეს ვიყავით მიკრომეწარმის ოჯახში, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში  დაიწყო განთქმული ხვანჭკარის ჩამოსხმა და უკვე ფიქრობენ ექსპორტზე გატანაზეც. რა თქმა უნდა, აეროპორტი და ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქების მობილობას, რომელიც ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი პროექტები გაგრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია დღეს პრემიერ–მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამბროლაურის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და  ტერმინალის გაფართოების შესაძლებლობაც.. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.