საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის მტკიცებით, პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრების მიერ ახალი საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრირების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას გოგორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრაქცია, რომელიც პარლამენტში ამჟამად არსებობს, იგივე შემადგენლობით დარჩება, ხოლო რაც შეიცვლება, არის ფრაქციის სახელწოდება და მისი ხელმძღვანელობა. მისივე თქმით, თუკი ფრაქციის რომელიმე წევრი მიიღებს გადაწყვეტილების ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, შესაბამისი განცხადება მან უნდა დაწეროს.
”ფრაქციის სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი არის ფრაქციისათვის სახელის შეცვლა და ამის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურაზე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს მიერ არ ხდება ახალი ფრაქციის ფორმირება. ფრაქცია პარლამენტში უკვე არსებობს, ის იგივე შემდგენლობით დარჩება, ხოლო თუკი ვინმე ფრაქციიდან გასვლას გადაწყვეტს, მან ამის შესახებ თავად უნდა გააკეთოს განცხადება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ სახელწოდება შეეცვლება უმცირესობაში შემავალ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის”.
პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობა გუშინ 59-მა პირმა დატოვა.