დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე, რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა

დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე, რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა

ქართულ პოლიტიკაში ჩემი 28-წლიანი მონაწილეობის ერთი, უდავოდ ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის მომხრე გივი თარგამაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

თარგამაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ”დღევანდელი მიშა” არ წარმომედგინა როდესმე. ”ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი. სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა.

გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდის მომგვრელიცაა და სასიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები. დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად”, -წერს გივი თარგამაძე.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ პარტიის გაყოფაზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს.