ნიკა მელიას ხელმძღვანელობით „ნაციონალების“ ფრაქციის ფორმირების საკითხი, სავარაუდოდ, აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული

ნიკა მელიას ხელმძღვანელობით „ნაციონალების“ ფრაქციის ფორმირების საკითხი, სავარაუდოდ, აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული

ნიკა მელიას ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების საკითხი დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიციასა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დრომდე გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმცირესობის წევრი აზერ სულეიმანოვი. თუკი ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩება, ამ შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში, მას ფრაქცია არ ექნება.

რამდენიმე დღის წინ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებოდნენ დეპუტატები გიორგი ტუღუში და რამაზ ნიკოლეიშვილი, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, ისინი პარტიიდან გასულთა რიგებს შეუერთდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილი წარმომადგენლები სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადავლენ.