ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი ყველა პროდასავლურად განწყობილი მოქალაქისთვის და ისეთი პლატფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული გუნდის წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა.
კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ აღმოაჩნდა უნარი, პარტიის ერთიანობა შეენარჩუნებინა.
„მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც ეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამ პარტიაში როდესაც მოვედი 2016 წელს, ეს იყო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტია, რომელიც იმართებოდა ჩამოყალიბებული წესებით და რომლის კარი იყო გახსნილი კომპეტენტური, პატიოსანი ხალხისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ძალა იყო ერთიანობაში. სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავდექით სხვა რეალობის წინაშე, რომელიც დაიწყო ასე, რომ „მიხეილ სააკაშვილის გარეშე თქვენ ხართ ნულები“, - ეს ფრაზა იყო პირველი მერცხალი, შემდეგ მოჰყვა ცილისწამების და ტალახის სროლის ნიაღვარი. მე ასე არ ვთვლი, ნამდვილად. მე ვთვლი, რომ ჩვენი ძალა არის ერთობაში, კომპეტენციის ერთობაში, პატრიოტიზმის ერთობაში, საქმის კეთების ერთობაში და ჩვენ გვაქვს სწორედ შანსი ახლა, რომ „ვიღაცის გარეშე ნულებიდან“ გადავიდეთ და საზოგადოებას რეალურად შევთავაზოთ ივანიშვილის ხელისუფლების ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ და დავასრულოთ ეს შიდაპარტიული, აბსოლუტურად გაუგებარი დაპირისპირება. მე ბოლომდე მქონდა იმედი, რომ გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურებოდა და იქნებოდა მაკონსოლიდირებელი ფაქტორი. სამწუხაროდ, მას ეს უნარები, როგორც ლიდერს, უკვე აღარ აღმოაჩნდა, მაგრამ წარსულ დროებზე დარდი უნდა მოვიკლათ, ჩვენ უნდა ვსდიოთ სხვა ვარკვლავს, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა ჩვენი ამ მთავრობის უმოქმედობით, უნდა შევთავაზოთ ისეთი ალტერნატივა, რომელიც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კახიძემ.
მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი ყველა პროდასავლურად განწყობილი მოქალაქისთვის.
„ჩვენი კარი უნდა იყოს ყველასთვის გახსნილი და შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით და დემოკრატიულად“, - დასძინა ოთო კახიძემ.