თქვენ დღეს ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული წარსული, ამიტომ არავის შეეშინდება ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანა საქართველოში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა იქნება.
”დღეს მე მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც არიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, იმ ადამიანებს, ვინც ამდენი წლის განმავლობაში გვერდით გვედგა და ვუთხრა მათ - ჩვენ დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება ქვეყანაში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, ”ქართული ოცნების” და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობინი გზით დასრულება და ქვეყანაში პროგრესის და განვითარების დაბრუნება.
ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა, თქვენ ხედავთ ძალას, რომელიც მოიტანს ქვეყანაში იმ უკეთესი მომავლის რწმენას, რომელიც დღეს ხალხს წაართვა ”ქართულმა ოცნებამ”. თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული წარსული, ამიტომ არავის შეეშინდება ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების.
თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული, რომ ერთიანი საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროკავშირი და ნატო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება წერტილი დაუსვას ქვეყანაში დაპირისპირებას, ზიზღს, შურისძიებას, ანგარიშსწორებას და გაერთიანებული, გამთლიანებული საქართველო წაიყვანოს წინ. ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნა ხდება დღეს თქვენს წინ”, -განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ეს იქნება ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მომავალზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძოლებს არჩევნების გზით, იქნება სიმშვიდის და სტაბილურობის მომტანი, ექნება მკაფიო ხედვა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ.