არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ”ნაციონალური მოძრაობიდან” ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა - ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორიც მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ფრთის წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ადევნებს იმ კამათს და დისკუსიას, რომელმაც სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო.
”ასეთი უთანხოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა”, -განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ეს საკითხები იყო პარტიის სტრატეგია და დაგეგმვა, ეს საკითხები ეხებოდა პარტიის წარსულს და მის შეფასებას, აწყმოს, მომავალს...
”ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია იყო ის დებატი, რომელიც იყო პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა როგორი ფორმითაც იგეგმება, მოემსახურება პარტიის შემდგომ გახლეჩას, განსახვავებული აზრის მქონეების მოკვეთას. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება ”ნაცმოძრაობის” გაყოფა.თქვენ ხედვთ დღეს სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენენ ”ნაციონალურ მოძრაობას”, იბრძოდა და არასდროს არ დაუხევია უკან მაშინაც, როდესაც ბევრის წინააღმდეგ აღძრული იყო და აღძრულია გამოძიება, არ დაუხევიათ უკან აქციებზე, ქუჩაში, დებატებზე, პარლამენტში... ეს ადამიანები და ეს გუნდი იყო სახე, ხერხემალი და საყრდენი „ნაცმოძრაობის“ ამ წლების განმავლოაბში.
არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა. ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორიც მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა. ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი არის ყოველთვის მომავლის შექმნის თანმდევი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენს შორის, ეს დღეიდან არის წარსული, ჩვენ ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას”, -განაცხადა ბაქრაძემ.