გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს მიუსამძიმრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში განხორციელებულ ტერორიზმს „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი“ უწოდა და ისრაელის პრეზიდენტს გვერდში დგომა აღუთქვა.

„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ნება მომეცით, გამოგიცხადოთ სამძიმარი, ისრაელში ახლახან მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი - დაშავდა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენს გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო საქართველოში ვიზიტის გადადებას განიხილავდნენ, თუმცა თქვეს, რომ მათ „ტერორისტები ვერ გააჩერებთ“ და ვიზიტიც შედგა.

„ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე, რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა რუვენ რივლინმა.

საუბრისას, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება და იმედი გამოთქვეს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, რომლებიც წარმატებით ვითარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ვაჭრობის დინამიკაზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდაზე. მხარეების შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დასახული ერთობლივი მიზნების მისაღწევად, ეფექტური მექანიზმია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მეორე სხდომა, თარიღების შეჯერების შემდეგ, თბილისში გაიმართება.

შეხვედრისას, საუბარი კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.