აკაკი ბობოხიძე:  ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი

აკაკი ბობოხიძე: ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი

ბუნებრივია, ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

ბობოხიძის შეფასებით, ყრილობის ორგანიზატორებმა რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ ხალხისა და მხარდამჭერების სახელით, ყრილობა წესების დარღვევით ტარდება და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მან აქვე აღნიშნა, რომ “ხალხის სახელით ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც პარტიაში ერთმმართველობის დაბრუნება სურთ“.

“ყრილობა, რომელიც შეიძლება 20 იანვარს გაიმართოს, ის იქნება 7-ათასკაციანი, 10-ათასკაციანი თუ 3-ათასკაციანი, იქნება ადამიანთა თავყრილობა, რომელსაც იურიდიულად “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან კავშირი ვერ ექნება. არსებობს პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ დადგენილი წესი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დელეგატების შერჩევა. თან ეს წესი ე.წ. მეორე მხარის მიერ არის შემოთავაზებული, რომელთაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს და საკუთარი წესი გაიტანეს. როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური, ვერ იქნება ლეგიტიმური ისევ მათივე მიღებული წესების დარღვევის გამო. ბუნებრივია, ვერ მივალ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი. რა მინდა იმ ყრილობაზე, რომელიც ჩემი პარტიის ყრილობა არ არის?! ანალოგიურად, მეორე 7-ათასი კაცი რომ შევიკრიბოთ სხვაგან, ასეთ შემთხვევაში რომელია უფლებამოსილი ყრილობა? ან რატომ ჰქონია ვინმეს, რომ რაოდენობაშია საქმე და არა წარმომადგენლობითობაში?“ - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ბობოხიძემ.

მისივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემთხვევაში, რისკენაც მიდის პროცესი, ყოფილ თანაპარტიელებთან სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ, არ გაიმართება.

“ის თუ ვის დარჩება პარტიის სახელი, გავაგძელებთ თუ არა ამისთვის იურიდიულ დავას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, მე არანაირი სურვილი არა მაქვს, ჩემს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამებრძოლებთან იურიდიულ დავაში შევიდე და ამაში დავკარგო დრო, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არა ჩვენს შორის იურიდიული დავა, არამედ ბიძინა ივანიშვილი. იმ ორი ქალის არ იყოს, შვილს რომ იყოფენ - ერთ-ერთმა უნდა გაუშვას ხელი იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს. იმისთვის, რომ საქმე არ დაზარალდეს, ჩვენ შეიძლება ხელი გავუშვათ ბავშვს და დავუტოვოთ მათ, ვინც დღეს ძალადობს ბავშვზე ანუ “ნაციონალურ მოძრაობაზე“, - აღნიშნა ბობოხიძემ.