იმაში, რაც ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის

იმაში, რაც ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის

მიხეილ სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო ოთახში, სადაც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თანაფრაქციელები - ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

ნიკა მელიამ ისინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბავშვივით უჯერებს გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი.

ამის შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ მას, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, ”მისი წვალებით შექმნილ პარტიას” შლიდა.

„მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.

”ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილის ოცნება სრულდება. პარტია მიდის დაშლისკენ, ოღონდ ამის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი”, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ბობოხიძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ პირადად მისი წვლილი დიდია პარტიის შექმნისა და ფორმირების პროცესში და მიუღებელია ის, რაც დღეს ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება.

სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა. როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.