გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა

გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა

გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუცხადა. მელიას განცხადებით, მიმდინარე მოვლენებს უცნაური დამთხვევები ახლავს.

”ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევაა, ამიტომ მე ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზე გადაიდო ეს სხდომა. გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა და არის მისი გუნდის წევრი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის კიდევ ერთი წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიაში ვიწრო ჯგუფი ცდილობს შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას.

”ცხადია, ძალიან რთულია დაიჯერო ამდენი შემთხვევითობის, როდესაც ერთი მხრივ, ნიკა მელიას ფრაქციიდან გაგდება და მისი სასამართლო პროცესი ერთ დღეს ინიშნება, ხოლო შემდეგ ერთად მიიღება გადაწყვეტილება, რომ ჩაიშალოს და აღარ ჩატარდეს ეს სხდომა, ასევე გადაიდოს სასამართლო. ჩემთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პარტიის გარკვეული ვიწრო ჯგუფი ცდილობს შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი გზით, იქნება ეს ხალხის საპარლამენტო სიიდან გაყრა თუ შემდეგ იმის მცდელობა, რომ ნიკა მელია გააგდონ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 20 იანვრის ყრილობა მაღალი სტანდარტით ჩატარდეს , სადაც 7 ათასი დელეგატი განსაზღვრავს იმას თუ ვინ იქნება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობაში და რა გზით გავაგრძელებთ ბრძოლას”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა. როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.