დეიმონ უილსონი - ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ

დეიმონ უილსონი - ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ

ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი.

”ვფიქრობ, ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა უილსონმა. 

მანვე საქართველოში სენატორების - მაკკეინის, გრემისა და კლობუჩარის ვიზიტები შეაფასა და განაცხადა, რომ მათი საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. 

”ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს პუტინის ავანტურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ მაკკეინს, სენატორ გრემსა და სენატორ კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში”, - განაცხადა უილსონმა. 

მისივე თქმით, სენატორების გზავნილები მრავალმხრივი იყო. 

”პირველ რიგში, გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა; რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ადგილნაცვალ პირთა მონახულება ნიშნავდა, რომ ეს საკითხი არაა დავიწყებული, რომ არ ვაპირებთ პრობლემის უგულვებელყოფას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ გახსოვთ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობას და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას იმ იმედით, რომ მას ეტყვიან, „რაც იყო, იყო, მოდით, რაიმე ახალი შევქმნათ.“ ასეთია პუტინის სტრატეგია, დაიმტკიცოს ის, რაც მოიპოვა, მაგრამ სენატორი მაკკეინი, სენატორი გრემი და სენატორი კლუბუჩარი მას მკაფიოდ პასუხობენ, „მოითმინეთ, თქვენ დაუსჯელად ვერ გააგრძელებთ იმის კეთებას, რაც საქართველოში ჩაიდინეთ”, - აცხადებს უილსონი.