„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა. როგორც ცნობილია, დღეს ხულოში „ნაციონალური მოძრაობა“ კონფერენციას გამართავს, სადაც 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის დელეგატებს აირჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა დეკანაძემ განუცხადა, დაგეგმილი კონფერენციის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და, შესაბამისად, მასზე დასწრებას არ აპირებს. კახა დეკანაძე განმარტავს, რომ პარტიაში არის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. თუ ცალკეული პრობლემები მოგვარდება, მაშინ 7000-კაციანი ყრილობის ჩატარებას მხარს დაუჭერს.

"7000-კაციან ყრილობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ არსებობს სადავო საკითხები და თუ ის არ მოგვარდება, ჩვენ ვთვლით, რომ ყრილობის ჩატარება არალეგიტიმური იქნება. ორშაბათს ვიღაც-ვიღაცეები ხულოში გეგმავენ კონფერენციის ჩატარებას ჩემთან შეთანხმების გარეშე. ეს ასე არ ხდება. მე, რა თქმა უნდა, არ დავესწრები", - აღნიშნა კახა დეკანაძემ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ელგუჯა ბაგრატიონმა კი განმარტა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიის თავმჯდომარე კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ხულოში კონფერენციის ჩატარება აუცილებელი გახდა.