საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ეწვია. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ესტუმრა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდნენ.

რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.