როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე ერთს ამბობს და მეორე მხარე - მეორეს, ეს ვითარება უნდა გაირკვეს

როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე ერთს ამბობს და მეორე მხარე - მეორეს, ეს ვითარება უნდა გაირკვეს

როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე ბრიფინგით ერთს ამბობს და მეორე მხარე - მეორეს, ეს ვითარება უნდა გაირკვეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა ”ინტერპრესნიუსს” ფრაქციის ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა. 

წერეთლის აზრით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ფრაქციის მოქმედი თავმჯდომარე ან აღარ უნდა იყოს ფრაქციის თავმჯდომარე ან უნდა მოხდეს მოგვარება და ფრაქციის წევრებთან შეთანხმება. 

”არის ბევრი საკითხი, რაც ფრაქციის შეკრებაზე სამსჯელოა. საკმაოდ რთული ვითარებაა. ძალიან სამწუხარო სიტუაციაა ბრალდებების ფონზე. ეს ვითარება უნდა გაირკვეს. ამიტომ ბუნებრივია, გაიმართება ფრაქციის სხდომა და იქნება საუბარი მომავალში რა იქნება, ვინ რას აპირებს - თუ ფრაქციის წევრები არ ეთანხმებიან ფრაქციის თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ეს საკითხიც იქნება მსჯელობის საგანი. ერთმნიშვნელოვნად კარგი არ არის ის, რაც ხდება. თუკი რაღაცაზე მოხდება ჩამოყალიბება, რომ ეს პროცესი ნაკლებად მტკივნეული იყოს, ეს კარგი გამოსავალი იქნება. ფრაქციის წევრების დიდი ნაწილი სხვა მხარეს არის, ნიკა (მელია) მართავს ბრიფინგებს, მეორე მხარეც მართავს ბრიფინგებს, ამიტომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. წესით და რიგით, თუკი ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის წევრების მოსაზრებას არ ეთანხმება, ან ფრაქციის თავმჯდომარე გადადგება ან მას ფრაქცია შეცვლის - სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ეს საკითხი გადადგება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიგი წერეთელმა. 

ხვალ, პარლამენტში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა იგეგმება, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხი განიხილება.