ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას, ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეძებოთ პრობლემები იმ ტექსტში, თუ რეზოლუციაში, სადაც ეს ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ რიგგარეშე სესიაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას, ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეძებოთ პრობლემები იმ ტექსტში, თუ რეზოლუციაში სადაც ეს ნამდვილად არ არის. ნამდვილად იყო გათვალისწინებული ჩვენი მნიშვნელოვანი შენიშვნები. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სათანადოდ ასახვა ზოგადად შენიშვნასაც არ უნდა საჭიროებდეს და ვამჯობინებდი ასეთი ტიპის რეზოლუციის განხილვა მოხდეს არა ბოლო მომენტში, ნაჩქარევად, არამედ იყოს მაქსიმალური ჩართულობა, რომ ეს გზავნილი მკაფიოდ იყოს მისული მოსახლეობამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქაღალდზე ყველაფერი სწორად გვიწერია, თუმცა რეალობაში გვაქვს სერიოზული პრობლემები. ჩვენ მგავსი რეზოლუცია გვქონდა 2013 წელსაც, მაშინაც ერთად ვიმუშავეთ ამ რეზოლუციაზე, თუმცა ამის მიუხედავად, გვქონდა ძალიან სერიოზული გამოწვევები, ფუნდამენტური პრობლემები საგარეო პოლიტიკაში. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობაზე და პრაგმატულ მიდგომაზე, არ ვიცი ჩვენ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ გვესმის თუ რაღაცას ვნიღბავთ, მაგრამ პრაგმატული ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ ურთიერთობაში, როგორც მინიმუმ არ ვზიანდებით და ვაღწევთ ჩვენთვის სასურველ შედეგებს. როგორ დავარქვათ პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ წლებია რუსეთთან ვერიდებით პრინციპულ, ფუნდამენტურ საკითხებზე კრიტიკას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავბლოკეთ და არ გავუშვით სამსჯელოდ სირიის რეზოლუცია, სადაც, როგორც ჩანს, უმრავლესობისთვის პრობლემური იყო ის ნაწილი, სადაც რუსეთის ქმედებების დაგმობა იყო მკაფიო და ხმამაღალი”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რეზოლუციის პროექტი ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” მოამზადა და ის 12-პუნქტისგან შედგება. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ცხადდება. უალტერნატივო პრიორიტეტად ცხადდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში, ხოლო ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ - ამერიკის შეერთებული შტატები. რეზოლუცია ხაზს უსვამს მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობას. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ცხადდება გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება, ეკონომიკური განვითარების შეუფერხებლობა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.