გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული ინიციატივა, ხომ არ აძლევს ლევან მურუსიძეს საშუალებას, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს?

გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული ინიციატივა, ხომ არ აძლევს ლევან მურუსიძეს საშუალებას, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს?

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებში ასახული ახალი ინიციატივა, აძლევს თუ არა საშუალებას ლევან მურუსიძეს, მოსამართლის თანამდებობაზე უვადად დაინიშნოს.

შესაბამისი კითხვით ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომელმაც დეპუტატებს სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით წარუდგინა.

შეკითხვის ადრესატს ქუცნაშვილის ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. პარლამენტის თავმჯდომარემ კი კოლეგებს მიმართა, პროექტის მესამე მოსმენით განხილვის ფარგლებში, მხოლოდ სარედაქციო ხასიათის კითხვები დაესვათ. მან აღნიშნა, რომ ქუცნაშვილის კითხვა სარედაქციო ხასიათის არ იყო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების გათვალისწინებით ”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გავლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.

როგორც ამასთან დაკავშირებით გუშინ გამართული განხილვებისას ითქვა, მოქმედი კანონით, დანიშვნებისას, გარკვეული მოვალეობის დაკისრებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები შეზღუდვებისგან გათავისუფლებული არიან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე კი, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, ამ თანამდებობის პირსაც ჰქონდეს ანალოგიური გარანტია და სტატუსი მინიჭებული.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვაზე დააბრუნა. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

გუშინვე საკანონმდებლო პაკეტი მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, რის შემდეგაც მსჯელობა სესიაზე გაგრძელდა.