დავით სერგეენკო:  ოპტიმიზაცია არ ნიშნავს ხალხის ქუჩაში გაშვებას

დავით სერგეენკო: ოპტიმიზაცია არ ნიშნავს ხალხის ქუჩაში გაშვებას

ოპტიმიზაცია ნებისმიერი განმარტებით ნიშნავს ისეთი კომპლექსური ღონისძიებების მიღებას, ისეთი პროცესების გააქტიურებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ან არსებული რესურსის ფარგლებში, მათ შორის ფინანსურის, უკეთესი შედეგები მიიღო, ან შემცირებული რესურსებით მინიმუმ იგივე შედეგები შეინარჩუნო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ოპტიმიზაცია არ ნიშნავს ხალხის ქუჩაში გაშვებას.

მისივე თქმით ხალხის ქუჩაში გაშვება არ არის ოპტიმიზაციის დედააზრი და სამთავრობო სტრატეგია.

"ყველა სამინისტროს თავისი ტაქტიკა აქვს. ზოგი მიდის კადრების შემცირებისკენ, ზოგს სხვა მიდგომა აქვს. ნებისმიერი კორპორაცია, სახელმწიფო, თუ კერძო, რა თქმა უნდა, აკონტროლებს მუშაობის ხარისხსა და შედეგებს. არსებული სისტემით ეს ხდება ერთგვარად დიფუზურად. განაწილებულია დეპარტამენტების, მოადგილეებისა და მინისტრის დონეზე, თუმცა სამინისტროს აპარატს ამის ფუნქცია აქვს და წესდებაშიცაა გაწერილი. საუბარია არა ახალი სამსახურის შექმნასა და თანამშრომლების აყვანაზე, არამედ არსებული სისტემის, რომელიც აკონტროლებს თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობას, უფრო კონსოლიდირებულად ამუშავებაზე, რადგან ახალ გამოწვევებს დავუპირისპირდეთ ახალი შესაძლებლობებით”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.