დედა-შვილის დაშორება, როგორც ბავშვის და დედისთვის, ასევე ჩვენთვისაც მტკივნეულია, ამიტომაც ნოვაცია დავნერგეთ

დედა-შვილის დაშორება, როგორც ბავშვის და დედისთვის, ასევე ჩვენთვისაც მტკივნეულია, ამიტომაც ნოვაცია დავნერგეთ

პენიტენციურ დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილებთნ ერთად მყოფი პატიმარი დედებისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნოვაციას ნერგავს.

სიახლის შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის სახით უკვე წარადგინა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის, გადაცემა 2030-ში ისაუბრა.

მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დედები სამ წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან, სამი წლის ასაკის შესრულებისას, კანონის თანახმად, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანა ხდება. სპეციალისტების მიერ განსაზღვრულია, რომ სამი წლის შემდეგ, ბავშვი, მისივე უფლებების დაცვისა და მისი განვითარებისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია დახურული სივრციდან გავიდეს.

„თუმცა, ყველამ ვიცით, რომ დედა-შვილის დაშორება, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, როგორც დედისთვის და შვილისთვის, ასევე, ჩვენთვისაც. ამიტომაც, მოვიფიქრეთ, მექანიზმი, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრებს მიეცეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულებიდან შაბათ-კვირას და უქმე დღეებში გავიდნენ და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს მეორეს მხრივ, ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მტკივნეულ პროცესსაც შედარებით შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებაში 3 წალმდე ასაკის შვილთან ერთად, რამდენიმე პატიმარი ქალი იმყოფება. ისინი N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში, სპეციალურად ბავშვისთვის შესაბამის სივრცეში არიან განთავსებული და იხდიან სასჯელს.