რომან გოცირიძე - 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ

რომან გოცირიძე - 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ

2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

გოცირიძის თქმით, ბოლო საოცნებო წელიწადი ყველაზე უარესი გამოდგა და ამის დასტურია ლარი. 

„ყოველთვის, პრემიერის ასეთ განცხადებას, ახლდა ხოლმე უარესი წელიწადი. სამწუხაროდ, ბოლო საოცნებო წელიწადი გამოდგა ყველაზე უარესი და ამის დასტურია ლარი. ამიტომ თუ გადავხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცვლილებებს, რასაც მთავრობა აპირებს, 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის არჩეულია აბსოლუტურად სწორი გზა.

„რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს აბსოლუტურად სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება და ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.