პრემიერ-მინისტრი - უახლოეს დღეებში ველოდებით პროცედურების დასრულებას იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება შეეძლოთ

პრემიერ-მინისტრი - უახლოეს დღეებში ველოდებით პროცედურების დასრულებას იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება შეეძლოთ

უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები კი უკვე მიღებულია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე წელს გადადგმულ ნაბიჯებზე.

„2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნატო-შიინტეგრაციის მიმართულებითაც. 

„2016 წელს გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო მიწვეულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნა პრემიერმა.