ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო ნობათები რიგდება. საკვებ პროდუქტებს მოქალაქეები 10 უფასო სასადილოში იღებენ. ნობათების დარიგების პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ეს საჩუქარი, რა თქმა უნდა, მცირედია, მაგრამ მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენი რაიონის მცხოვრებლებს და ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატებული წელი ვუსურვო. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - უკეთესი საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და დავეხმაროთ მათ სოციალური პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათების შესაძენად ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტიდან 234 890 ლარი გამოიყო. საჩუქრების დარიგების პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.