პარლამენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილვაზე აბრუნებს

პარლამენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილვაზე აბრუნებს

სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღად ცნობილ საკანონმდებლო პაკეტს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვაზე აბრუნებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. პაკეტის მეორე მოსმენით განხილვაზე დაბრუნების საკითხს დღესვე უყრიან კენჭს.

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების უკან დაბრუნების მოთხოვნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალმა წევრებმა: გიორგი ხატიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და მამუკა მდინარეძემ დასვეს.

დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქმე ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხება, რომელზეც პასუხისმგებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უნდა აიღოს, მაგრამ იმის გამო, რომ პირველი და მეორე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა, ”მათ მხოლოდ გრამატიკულ საკითხებზე და წერტილ-მძიმეზე მოუწევს მსჯელობა”. აღინიშნა ისიც, რომ არსებობს ბევრ საკითხზე შენიშვნა და კითხვის ნიშნები.

საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით დაბრუნების საკითხს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა და თავად კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ განაცხადა, სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და პროცესი არ გაჭიანურდეს, მაგრამ რადგან პარლამენტის ახალ წევრებს აქვს ინტერესი, მნიშვნელოვანია, საკითხი კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილოს და რეფორმაზე პასუხისმგებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა აიღოს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი უწყების, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის წევრების შეხედულება გაიზიარა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა წელსვე მოხდება.

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში წარუდგინა. განხილვის პროცესი გაჭიანურდა და ის მესამე მოსმენაზე გაჩერდა. მთავარი დისკუსია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და რის გამო პაკეტის საბოლოოდ მიღება არ მოხდა, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესების საკითხს ეხებოდა. მაშინ პოზიციები გაიყო, თუ რა გზით მომხდარიყო მათი არჩევა - კენჭისყრით თუ შემთხვევითი არჩევის - წილისყრის გზით. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებებიც არის წარდგენილი.