„იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი - „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება

„იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი - „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში „მაესტროს“ მენეჯმენტს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არხზე საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა იგეგმება რეორგანიზაცია.

„საქართველოს სჭირდება მსხვილი ჰოლდინგები, რესურსების კონცენტრაცია, რომ არხმა დაიწყოს უფრო პროფესიული მუშაობა და მოგებაზე მუშაობა. ერთი არხის ნაცვლად ჩვენ მოვახერხეთ სამი არხით მივიდეთ მაყურებელთან და გავხდებით უფრო კონკურენტუნარიანები. რაც შეეხება საინფორმაციოს გაუქმებას, საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება „მაესტროზე“. რაც შეეხება „GDS~, ის იქნება, როგორც გასართობი არხი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

საკადრო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებები ყოველ წელს მიმდინარეობს და ეს გასაკვირი არ არის. მისივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჰოლდინგში გაერთიანება.

„მაესტროს“ გადარჩენის ერთადერთი გზა არის ჰოლდინგში გაერთიანება, რადგანაც არხი არ არის მომგებიანი. ჰოლდინგში გაერთიანების შემდეგ ის მომგებიანი გახდება“, - განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკასთან არანაირი საერთო არ აქვს.

ირაკლი რუხაძემ კომენტარი გააკეთა ასევე ტელეკომპანია მაესტროს“ მეწილეებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მაკა ასათიანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. რაც შეეხება მამუკა ღლონტს, მან იმედი გამოთქვა, რომ მამუკა ღლონტთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობა იქნება.