ადა მარშანია პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის აფხაზეთიდან არჩევას ითხოვს

ადა მარშანია პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის აფხაზეთიდან არჩევას ითხოვს

ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერის აფხაზეთიდან არჩევას ითხოვს.

”ჩვენ ჩვენი ხელით გავდევნეთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან ორი რეგიონი - ცხინვალი და აფხაზეთი. გიგა ბოკერიას ალბათ კარგად ახსოვს, რატომ და რანაირად მოხდა ეს, როცა პარლამენტიდან მთელი დელეგაცია იყო განდევნილი. შეიძლება ზოგისთვის ეს სადავო საკითხი იყო, მაგრამ თავის დროზე ეს ზიანის მომტანი ფაქტი გახდა”, - განაცხადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

გარდა ამისა, მან პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე რეზოლუციის მიღება შესთავაზა. მარშანიას თქმით, ”საჭიროა ამ მიმართულებით მოქმედების ტაქტიკაზე მსჯელობა”.

”ჩვენ დარიგებული გვაქვს საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ძირითადად ვეთანხმებით, არის რაღაც პოზიციები, რაც მიუღებელი და გაუგებარია. ცხადია, ამ დოკუმენტს განვიხილავთ ამ კვირაში, მაგრამ გვინდა ამდაგვარი დოკუმენტი პარლამენტმა სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების საკითხზე შექმნას”, - განაცხადა მარშანიამ.