აშშ-ში ისრაელის ელჩმა რონ დერმერმა განაცხადა, რომ ისრაელი წარუდგენს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს იმის მტკიცებულებას, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უკან ობამას ადმინისტრაცია იდგა.
„ჩვენ წარვუდგენთ ამის მტკიცებულებას ახალ ადმინისტრაციას შესაბამისი არხების მეშვეობით და თუ მათ მოუნდებათ ამის ამერიკელი ხალხისთვის გაზიარება, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ“, - აღნიშნა აშშ-ში ისრაელის ელჩმა რონ დერმერმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“.