”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, ”ნაციონალური მოძრაობის” 20 იანვრის ყრილობა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ პოლიტიკური რევანშისათვის გამოიყენოს.
ამის შესახებ მან Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში”, წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
”არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ არის შესაძლებელი, ასეთი რამ არის ჩაფიქრებული. შეიძლება ყრილობა იყოს ასეთი, რომ იქნება ბევრი ხალხი, განწყობილი ლოზუნგებისათვის და არა საგნობრივი მსჯელობისათვის და ბოლოს რაღაცნაირად... იყოს ასეთი ლოზუნგები - ”თქვენ ხართ უნიათოები”, ”არ გაამართლეთ ნდობა, რომელიც ჩვენ მოგანიჭეთ”, ”წადით თქვენ და სხვა ადამიანები მოვლენ”. კი ბატონო, ესეც ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალური ყრილობა რომ ჩატარდეს, უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა, მაგრამ თუ რამე გამოცდილება მაქვს წიგნიდან თუ პრაქტიკიდან, სტადიონზე საგნობრივი მსჯელობა ვერ წარმომიდგენია”, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მან დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ”ნაციონლაური მოძრაობა” არსებული ფორმით, რითაც ის ”ვარდების რევოლუციის” რეფორმებთან ასოცირდებოდა, არსებობას ასრულებს.