თედო კობახიძე არცხვენს საკრებულოს, „ქართულ ოცნებას“, მე მგონია, მეზობლებს და ოჯახსაც კი არცხვენს უკვე. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
სევდია უგრეხელიძის თქმით, ოპოზიციური ფრაქციები საკრებულოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ.
„მივმართავთ მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით. განხილული უნდა იყოს ეს საკითხი“, - განაცხადა უგრეხელიძემ.
უგრეხელიძის თქმით, მმართველი გუნდი უნდა მისულიყო დღეს ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ კობახიძე შვებულებაში წავიდა, ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა პასუხები.
„ის არ იყო პასუხი, როდესაც ტრიბუნასთან დადგა მონოლოგის რეჟიმში და გადაწყვიტა, რომ ძალიან სიმპატიური იყო ტრიბუნასთან მდგომი, როდესაც ყვიროდა, ქაღალდებს იქნევდა და თავის თანამშრომლებს ნაძირლებს და ჭორიკნებს ეძახდა. სამწუხაროდ, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. ჩვენ ბევრი დეტალი გავიგეთ, როგორ არ უშვებენ თანამშრომლებს ოჯახის წევრების ავადმყოფობის დროს, ცოლის მშობიარობის დროს უქვითავენ ხელფასს და ა. შ. “, - განაცხადა უგრეხელიძემ.
იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. აღნიშნულმა თანამშრომლებმა ნოემბერში წერილობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს. გიორგი ალიბეგაშვილმა ამ ფაქტის შესახებ ”ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს რიმა ბერაძეს აცნობა. საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა თედო კობახიძისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი 20 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დააყენეს.