სხდომას არ დავესწარი, რადგან თედო კობახიძე შვებულებაშია და ორივე მხარის არგუმენტები წარმოდგენილი ვერ იქნებოდა

სხდომას არ დავესწარი, რადგან თედო კობახიძე შვებულებაშია და ორივე მხარის არგუმენტები წარმოდგენილი ვერ იქნებოდა

მე გარკვევით ვუთხარი იმ ხუთ თანამშრომელს, რომ წარმოედგინათ დამატებითი მასალები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ ეს მასალები არ წარმოუდგენიათ. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებულ უთანხმოებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვალდებულები ვართ და ასეც ვახორციელებთ წლების განმავლობაში, რომ თითოეული თანამშრომლის უფლება დაცულიყო“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, ის არ დაესწრო ოპოზიციური ფრაქციების გაერთიანებულ სხდომებს, გამომდინარე იქიდან, რომ თედო კობახიძე არის შვებულებაში და ამ სხდომაზე ვერ იქნებოდა ორივე მხარის არგუმენტები წარმოდგენილი.

მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომ ეს დავა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, არ არის სწორი.

როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შევიდა მიმართვა თანამშრომლების მხრიდან. რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი თანამშრომლის, ანა ვარდოსანიძის მიმართ საყვედურს, გიორგი ალიბეგაშვილმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა საყვედური და ანა ვარდოსანიძეს გაფრთხილება გამოუცხადდა.

„ანა ვარდოსანიძეს კომისიის წარდგინების საფუძველზე, მასალების დადასტურების საფუძველზე ჩვენ გამოვუცხადეთ არა საყვედური, არამედ გაფრთხილება, რადგან მას ჰქონდა შრომის განაწესი დარღვეული“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ალიბეგაშვილის თქმით, იანვრის დასაწყისში სარევიზიო კომისია შევა ყველა სამსახურში, და შეამოწმებს.

„იანვრის დასაწყისში გეგმური შემოწმებით სარევიზიო კომისია შევა ყველა სამსახურს შეამოწმებს შესწავლის საფუძველზე, ჩვენ გავითვალისწინებთ და შესაბამის დასკვნებს შემდგომ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ალიბეგაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, წარუძღვება თუ არა ოპოზიციის მიერ რიგგარეშე დანიშნულ სხდომას, განაცხადა, რომ აუცილებელია სხდომას ან თავმუჯდომარე, ან თავმჯდომარის პირველი მოადგილე წარუძღვეს, ხოლო რაც შეეხება კენჭისყრაზე დააფიქსირებს თუ არა პოზიციას, ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ის თავის პოზიციას დააფიქსირებს, რადგან ეს აუცილებელია.

იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. აღნიშნულმა თანამშრომლებმა ნოემბერში წერილობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს. გიორგი ალიბეგაშვილმა ამ ფაქტის შესახებ ”ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს რიმა ბერაძეს აცნობა. საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა თედო კობახიძისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი 20 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დააყენეს.