ლევან დავითაშვილი ღორებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე - მაჩვენეთ დოკუმენტებში სიტყვა

ლევან დავითაშვილი ღორებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე - მაჩვენეთ დოკუმენტებში სიტყვა "პასპორტი"

ვინც ასეთი მახინჯი ფორმით მოახდინა ამ თემის ტირაჟირება, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, სიტყვა "პასპორტი" დოკუმენტში მაჩვენეთ სადმე და მაშინ სხვანაირად გიპასუხებთ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ღორებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ "თემა არასწორად წარმოჩნდა".

მისივე განმარტებით, აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი ვრცელდება ყველა ცხოველზე და უკავშირდება მათი ჯანმრთელობის კონტროლს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონტროლი აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურსათის უვნებლობა იყოს ევროპის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მომხმარებელთა უფლებები კი - დაცული.

„ეს არის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, რომელიც ყველა სხვა ცხოველსაც უკავშირდება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, უსაფრთხო სურსათი ჰქონდეს მოსახლეობას. ეს არის ის, რომ ჩვენი სურსათის უვნებლობა იყოს შესაბამისობაში ევროპის მოთხოვნებთან და ჩვენც ისეთივე დონის სურსათის უვნებლობის სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.