დღეს კანონიერ მესაკუთრეს წაართვეს ინტელექტუალური საკუთრება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ღლონტმა აღნიშნა, მან როდესაც პროცესები დაიწყო, მაშინვე განაცხადა, რომ საქართველოში ყველა საქმეს წააგებდნენ, თუმცა დიდი ალბათობით, ევროპულ სასამართლოებში აღნიშნულ პროცესებს თითქმის ყველას მოიგებენ.
„ის, რასაც ესენი სასამართლოს ეძახიან, ნამდვილად არ არის სასამართლო. მიმდინარეობს მედიის კონკრეტული პარტიული ინტერესების ქვეშ მოქცევა, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ძალიან მალე მოხდება ძალიან საინტერესო ამბები, კერძოდ, მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში. ამათი მოქმედების ვადები ასეთია, ახალი წელი ან აგვისტო, როცა საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, თუმცა ადრე თუ გვიან, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.
რაც შეეხება ილია კიკაბიძეს, მისი შეფასებით, მოსამართლე, რომელმაც „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტია.
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ დეპარტამენტში და ერთ-ერთმა იურისტმა ქოჩიაშვილმა დაუკმაყოფილა ივანიშვილს მისი სურვილი. რასაკვირველია, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოს მოვივლით და შემლეგ ევროპაში დავამტკიცებთ იმას, რომ „მაესტრო“ არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ილია კიკაბიძემ.
რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველს, როგორც ნანუკა ჭკუასელმა აღნიშნა, სასამართლომ აბსოლუტურად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ იმდროინდელ დირექტორს არ ჰქონდა უფლება „მაესტროს“ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი - მისი სასაქონლო ნიშანი უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირისთვის იმ პირობებში, როცა პარტნიორებისთვის ამის შესახებ ცნობილი არაფერი იყო და მათგან წინასწარი ნებართვა არ მიუღია. სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სასაქონლო ნიშანი დაუბრუნა იმ ერთადერთ კანონიერ მფლობელს, რომელსაც უნდა ეკუთვნოდეს. ეს არის შპს სტუდია „მაესტრო“, - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.