ველოდით უვადო პატიმრობას, ასეთ ჯალათს როგორ უნდა მიუსაჯონ 8 წელი, ვერ ვხვდები, - ამის შესახებ პაატა ქარდავას შვილმა ქრისტინა ქარდავამ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც პაატა ქარდავას შვილმა აღნიშნა, განაჩენი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.
„ველოდით უვადო პატიმრობას. ასეთ ჯალათს როგორ უნდა მიუსაჯონ 8 წელი, ვერ ვხვდები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ვაპირებთ ამ განაჩენის გასაჩივრებას და თუ სამართალი ამქვეყნად არსებობს, ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად. მჯეროდა სასამართლოს ობიექტურობის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ეს შედეგი ვერ მივიღეთ“, - განაცხადა ქრისტინა ქარდავამ.
კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა