ზოგიერთს სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მთავარ ამოცანად აქვს გახდილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა გადავიდეს.
„ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებებს, ანუ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად გაუხდია და მეორე რიგში აქვს დაყენებული ქვეყნის უსაფრთხოება. მე ვფიქრობ, უნდა იყოს დაბალანსებული ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება და ორივე მათგანი ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ასეთი კანონი იქნება მიღებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
არასამთავრობო სექტორი მზად არის ე.წ. მოსმენების შესახებ შემუშავებული მოდელი ახალ პარლამენტს გააცნოს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, მოდელი, რომელიც არასამთავრობოებმა შეიმუშავეს, იყო ე.წ. მოსმენების გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გატანა, რაც მეტი გარანტი იქნება, რომ ე.წ. გასაღების ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.