საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების პროცესში რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას არ ელოდება. როგორც ჯანელიძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ევროპარლამენტი ამ საკითხს კენჭს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უყრის.
”ახლა საჭიროა, რომ ფორმალურად დაადასტუროს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა ტრიალოგის ფორმატში მიღებული გადაწყვეტილება და ამას ველოდებით იანვარში. LIBE-ს კომიტეტის შემდეგ გაიმართება ევროპარლამენტის სხდომა, რომელიც მოსალოდნელია იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. ევროპარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს იანვრის პირველ სესიაზე, შესაბამისად, დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი საკითხის განხილვა ან შემდეგ სესიაზე ან უახლოეს სესიაზე მოხდება. ჩვენ არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას ამ პროცესში, რადგან ყველა პარტიისგან ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა, ყველა ინსტიტუციისგან გვაქვს მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მოპოვებულია რეფორმებით, რომელიც საქართველომ განახორციელა, იმ ნდობით, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს და ასევე იმ პროგრესით, რომელიც აღიარებულია ჩვენი ყველა პარტნიორის მიერ. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება”, - განაცხადა ჯანელიძემ.