უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის პარლამენტის წევრი ნადეჟდა სავჩენკო მას შემდეგ დაკითხა, რაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც 7 დეკემბერს მინსკში ვიზიტით მყოფი ნადეჟდა სავჩენკო თვითგამოცხადებული დონეციკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მოგვიანებით, უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მინსკში მტრები კი არა, არამედ ის ხალხი დაინახა, ვისთანაც მოლაპარაკებების წარმოებაა საჭირო.
უკრაინის პარლამენტის უამრავმა წევრმა სავჩენკო მეამბოხეებთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა. ის გარიცხეს ფრაქცია „ბატკივშინას“ რიგებიდან, თუმცა მანდატი შეუნარჩუნდა. 22 დეკემბერს ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციიდანაც გარიცხეს.
„ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო ჩვენების მისაცემად გამოიძახა. არ ვთვლი ნორმალურად, როდესაც უკრაინის პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც მოგვიანებით მითხრეს, გამორთული მობილური ტელეფონებით, კონსპირაციის წესების დაცვით ხვდება დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და რაღაცაზე საუბრობს მათთან“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა.