ირაკლი ბათიაშვილი - უბლოკო სტატუსის სლოგანის და მოთხოვნის აქტუალობა აბსოლუტურად არ მესმის

ირაკლი ბათიაშვილი - უბლოკო სტატუსის სლოგანის და მოთხოვნის აქტუალობა აბსოლუტურად არ მესმის

დღევანდელ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, წინასწარ უბლოკო სტატუსის თემაზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ”დემოკრატიული მოძრაობის” მოთხოვნაზე საუბრისას განუცხადა. 

როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, უბლოკო სტატუსის თემა აქტუალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შვეიცარიის მსგავს გეოპოლიტიკურ რეალობაში იქნებოდა. 

”უბლოკო სტატუსის სლოგანის და მოთხოვნის აქტუალობა აბსოლუტურად არ მესმის. ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარიის მსგავსი ქვეყანა და მის მსგავს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი, მაშინ კი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, წინასწარ რაიმე ასეთ თემაზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ. დღესდღეობით, ჩვენს რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე დასავლეთია და რუსეთი არის ოკუპანტი და აგრესორი. რაიმე სხვა სიგნალი რუსეთიდან ჯერჯერობით არ მოდის. ამ რეალობიდან თუ ამოვალთ, სხვა რამეზე ფიქრი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება იყოს”, - განაცხადა ბათიაშვილმა. 

რაც შეეხება პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლას, როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, მას მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და არც ნინო ბურჯანაძის პარტია არ დაუტოვებია, ვინაიდან ამ პარტიის წევრი არ ყოფილა. 

”თუ დავინახე ისეთი ვითარება, რომ ჩემი თავის საჭიროება ვიგრძენი და ჩემს პოლიტიკაში უფრო აქტიურ ჩართვას ობიექტური ვითარება მოითხოვს, ამის თავიც მაქვს, ენერგიაც და შინაგანი რესურსიც”, - აღნიშნა ბათიაშვილმა.