კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას მიმართ განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას ბრალად სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის 16 აგვისტოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო. ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.
გამოძიების ინფორმაციით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.