პარლამენტში დღეს ფრაქციები - ”ქართული ოცნება - კონსერვატორები” და ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ დარეგისტრირდება

პარლამენტში დღეს ფრაქციები - ”ქართული ოცნება - კონსერვატორები” და ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ დარეგისტრირდება

პარლამენტში, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში, ორი ახალი ფრაქცია - ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორები” და ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ რეგისტრირდება.
ფრაქციების რეგისტაციის საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება. 

ფრაქციები ”ქართული ოცნება - კონსერვატორები” და ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ ექვს-ექვსი წევრისგან შედგება. მათი ფორმირება ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით მოხდა. 

კერძოდ, ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორებში” გაერთიანდნენ ”კონსერვატიული პარტიის” წევრები: - ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე და მათ შეუერთდა ”ქართული ოცნების” ორი მაჟორიტარი: - რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე. ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორებს” გიგა ბუკია უხელმძღვანელებს. 

ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ შემადგენლობაში ”სოციალ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერები: გია ჟორჟოლიანი, კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი შევლენ. ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო კიდევ სამი დეპუტატი მათ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარების რიგებიდან შეუერთდება. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან: - სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი. ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება. 

ამასთან, ამ დროისთვის, ღიად რჩება უმრავლესობაში ფრაქცია ”ქართული ოცნება - მაჟორიტარების” შექმნის საკითხი, რომელიც კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ოქრიაშვილი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ამბობდა, რომ ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებული იყო და ის უახლოეს დღეებში შეიქმნებოდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დღეს კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, ჯერ უცნობია, როდის დარეგისტრირდება მაჟორიტართა ფრაქცია. დეპუტატის ინფორმაციით, ფრაქციის წესდება და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია მზად არ არის და ”ამასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების გადაჭრას ელოდება”. 

კახა ოქრიაშვილის ფრაქციაში, თუკი მის ჩამოყალიბებაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაძლოა შემდეგი მაჟორიტარი დეპუტატები: - ენზელ მკოიანი, გოგი მეშველიანი, ანზორ ბოლქვაძე, თამაზ ნავერიანი, გიორგი კოპაძე და გოდერძი ჩანქსელიანი გაერთიანდნენ.